• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    მაისი
    მაცაცო ნარიმანიძე ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" წარმომადგენლებს შეხვდა

    სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე შეხვდა ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" წარმომადგენლებს - თბილისის პროექტის დირექტორს მარინა შაღაშვილსა და ალტერნატიული ზრუნვის ლიდერ ირინა ბექურიძეს.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამილა ნადირაშვილი.

    ასოციაცია, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს მიმართულებით, საქართველოში 1989 წლიდან საქმიანობს.

    2024-2026 წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მინდობითი აღზრდის პროგრამის ხელშეწყობა, რაც მოიაზრებს მიმღები მშობლების მოზიდვას, გადამზადებასა და ბავშვის განთავსების შემდგომ პროფესიულ მხარდაჭერას.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, განცალკევებულნი არიან თავიანთი ბიოლოგიური ოჯახებისგან, არ დაშორდნენ გარემოს, მეგობრებს, ნათესავებს და განთავსდნენ ალტერნატიული ზრუნვის ოჯახთან მიახლოებულ ყველაზე მისაღებ პროგრამაში - მინდობით აღზრდაში.

    ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ბიოლოგიურ ოჯახებთან მათ მალე დაბრუნებას.

    ბავშვთა უფლებების კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის პრევენციული საქმიანობის გაძლიერება, რაც შეამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს და დაეხმარება მშობლებს პოზიტიური აღზრდის მიდგომებში.

    პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები სამი წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემატიკის ტრენინგში, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის პროცესში.

    შეხვედრის დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე.