აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, დუშეთის N1 საჯარო სკოლის "მხარეთმცოდნეობის ჯგუფთან" და ამავე სკოლის გეოგრაფიის მიმართულების პედაგოგთან მარინა კახიშვილთან ერთად, დედამიწის დღის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ბავშვებმა ისაუბრეს 22 აპრილის თემის შესახებ, რომლის წლევანდელი გზავნილიცაა "ჩადე ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში". ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეებს, რაც დედამიწას, ადამიანის დაუდევარი ქმედებების გამო, ემუქრება. ასეთი ქმედებების შედეგებია: მჟავური წვიმები, ე.წ "სათბურის ეფექტი", მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურება, ნიადაგის გამოფიტვა, ეროზია და ა.შ.
შეხვედრის დასასრულს მაცაცო ნარიმანიძის ინიციატივით, სკოლებთან ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას მუნიციპალიტეტში.
"დედამიწის დღეა ყოველი დღე და არა მხოლოდ 22 აპრილი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რათა ჩვენი ქმედებით მას ზიანი არ მივაყენოთ," -განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.