მერიის სიახლეები
20
სექტემბერი
სექტემბერი
მთავრობის ახალი ინიციატივა
მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა ქვეკომპონენტის პირველი პრეზენტაცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა დუშეთის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნეს.
ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები; მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და აღნიშნული პროექტით დაინტერესებული მოსახლეობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.
პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.